English / ქართული / русский /
ლინა დათუნაშვილი
საქართველოში სოფლის თანამედროვე ეკონომიკური პრობლემები

ანოტაცია.სტატიაში შესწავლილია საქართველოს სოფლებისა და ამ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დღეს არსებული ცხოვრების რეალური მდგომარეობა, ნაჩვენებია სოფლად მოსახლეობის შემცირების, ქალაქ-სოფლის ურბანული მიგრაციის, ცხოვრების დაბალი დონის, სიღარიბისა და უმუშევრობის მიზეზები და არსებული მდგომარეობის შერბილების მიზნით მიღებული სამთავრებო ღონისძიებები, სახელდობრ, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიქმნა სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით, ასევე განხორციელებული რეფორმებისა და ამ მიმართულებით ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე. დოკუმენტში ვრცლად არის მოცემული მომავალი 7 წლის მანძილზე სოფლის განვითარების პრობლემების შერბილების ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა განხორციელება გარკვეული ზომით გააუმჯობესებს დღეს არსებულ მდგომარეობას სოფლად. გაშუქებულია ევროკავშირის პროგრამის EUDARD-ის ფარგლებში, ქვეყნის 12 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული „LEADER“-ის პრინციპებზე დამყარებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) საქმიანობა, რომლებმაც განახორციელეს პროექტები, რომლებიც ეხებოდა სოფლის ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით პრობლემებს თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროს, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. მიუხედევად აღნიშნული ღონისძიებებისა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მსხვილ ინვესტირებაში, გრანტებსა და სხვადასხვა სახის დახმარებებში გამოიხატა, საქართველოს სოფლებში მცხოვრები ადამიანები მრავალი პრობლემის წინაშე დგანან.

ესენია: კეთილმოუწყობილი გზები, სასმელი წყლით უზრუნველყოფა, გაზიფიცირება, ინფრასტრუქტურის ობიექტების სიმცირე ან არ არსებობა, მიგრაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და სხვა. აღნიშნული პრობლემების ეტაპობრივი მოგვარება გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.

   დასკვნაში ჩამოყალიბებულია სტატიაში მოტანილი მასალების ანალიზის შედეგები.

   საკვანძო სიტყვები: სოფელი, სოფლის მეურნეობა, სტრატეგია, ევროკავშირი, გრანტი, სიღარიბე, უმუშევრობა, მიგრაცია. 

შესავალი

სოფელი არის ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული, სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა. სოფლის მოსახლეობა დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და აწარმოებს მოსახლეობისთვის სასიცოცხლო სასურსათო პროდუქტს. ძლიერი სოფელი ქვეყნის სიძლიერეა. განსხვავებულია განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში სოფლისა და იქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების პირობები. როგორია საქართველოს სინამდვილეში დღევანდელი სოფლის და სოფლის მოსახლეობის ცხოვრების რეალური მდგომარეობა. 

* * *

საქართველოს რესპუბლიკა მდებარეობს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიაში, ევროპისა და აზიის სატრანსპორტო გზაჯვარედინზე.- დედაქალაქი თბილისი.

ქვეყნის მთლიანი ფართობი შეადგენს 69,700 კმ2-ს; მთლიან ფართობში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი 43,3 %-ია (2004 წლის მონაცემებით 30,3 ათასი კმ2); ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი 207,1 ათასი ჰექტარია (2008); ხოლო მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის ფართობი 109,6 ათას ჰექტარს (საქართველოს სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2014) შეადგენს; ქვეყნის ტერიტორიის 44,8% ტყის ფონდს უკავია (2007).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა 3,729,6 ათასი ადამიანია და მთელი მოსახლეობის 41,7% (1,554,8 ადამიანი) სოფლად ცხოვრობს (2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით). აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე დაბალია და 65,2 ადამიანს შეადგენს. სოფლის ტიპის დასახლებებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია. 2018 წელს ქვეყანაში სამუშაო ძალის 38,9%-ი სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში იყო დასაქმებული და ამ სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7,8%-ს შეადგენდა. 2018 წელს წინა წელთან შედარებით ქვეყანაში ბუნებრივი მატება 15,7%-ით შემცირდა.

მსოფლიო ურბანიზაციის პერსპექტივების პროგნოზით, საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წილი 2050 წლისთვის 2018 წელს არსებული 41,7%-დან 27%-მდე შემცირდება. ბოლო 6  წლის განმავლობაში სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა 2,8%-ით შემცირდა, ხოლო საქალაქო დასახლებებში მცხოვრებთა რაოდენობა 2,6%-ით გაიზარდა. როგორც ვხედავთ, ქალაქ-სოფლის ურბანული მიგრაცია მიმდინარეობს და ეს პროცესი გაგრძელდება. ცხოვრების დონის მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავებებია სოფლისა და ქალაქის ტიპის დასახლებებს შორის. 2018 წელს ქალაქად მცხოვრები შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავალი 19,0%-ით მაღალი იყო სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებთან შედარებით. ამავე წლის მონაცემებით აბსოლიტური სიღარიბე სოფლად 23,1%-ს, ხოლო ქალაქად 18,09%-ს შეადგენდა. 2017 წელს, საქართველოში სიღარიბის აბსოლიტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის პროცენტული წილი 5%-ი იყო, ხოლო იგივე მაჩვენებელი სოფლად 6,7%-ს შეადგენდა. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი მედიანური მოსახლეობის 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილით ქალაქში 22,3%-ია, ხოლო სოფლად  იგივე მაჩვენებელი 29,6%-ია. 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში 4,345,5 აშშ დოლარი იყო, რაც ევროკავშირის იმავე პერიოდის საშუალო მაჩვენებელზე 157%-ით ნაკლებია. სოფლად შეინიშნება უმუშევრობის და სიღარიბის მაღალი დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ქალებში. სოფლის მოსახლეობის დაბერების მაღალი მაჩვენებელი და კვალიფიციური სპეციალისტების (აგრონომები, მექანიზატორები) ნაკლებობა.

როგორც მოტანილი მასალიდან ჩანს, საქართველოში სოფლის ტიპის დასახლებები მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. სოფლად არსებული მდგომარეობის შერბილების მიზნით ფრიად მნიშვნელოვანია ბოლო წლებში მიღებული სამთავრებო ღონისძიებები სოფლის განვითარების მიმართულებით, კერძოდ- საქართველოს მთავრობის განკარგულება (№ 2665. 2019 წლის 20 დეკემბერი, თბილისი) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში არსებული სტრატეგიების (საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგია და 2017 წლის სამოქმედო გეგმა) გამოცდილების და შედეგების, განხორციელებული რეფორმებისა და ამ მიმართულებით ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე. აღნიშნული სტრატეგიის მიღებას წინ უძღოდა 2019 წლის 8 აპრილს გამართული კონფერნეცია „საქართველოს სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+“, რომლის ფარგლებში საზოგადოების ფართო წრე გაეცნო სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. ამავე წლის 16 და 18 აპრილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამართა კონსულტაციები რეგიონების, მუნიციპალიტეტების, მეცნიერებათა აკადემიების და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან. შეხვედრებს ესწრებოდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენლები. სამინისტროს წარმომადგენლებმა საზოგადოებას გააცნო სტრატეგიის მიზნები, ამოცანები და მოსაზრებები. აღნიშნულ დოკუმენტში ვრცლად არის მოცემული მომავალი 7 წლის მანძილზე სოფლის განვითარების პრობლემების შერბილების ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა რეალიზება დადებითად წაადგება სოფლის დღეს არსებულ მდგომარეობას და გარკვეული ზომით მის გაუმჯობესებას.

აღნიშნულის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სააგენტოების ერთობლივი ღონისძიებები სოფლის განვითარების მიმართულებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANADA) დაფინანსებით 2018 წლიდან დაიწყო სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“. პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს: რეგიონებში კერძო სექტორის განვითარება, ახალგაზრდობის ბიზნესში ჩართულობის ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება- რეალიზაციის პროცესში ინვესტიციების დაბანდება, ხოლო პროგრამის ძირითად ამოცანას ახალგაზრდებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების განხორციელებით, რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და სიღარიბის შემცირება. ასევე სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს მიმართულებების დაფინანსება. 2019 წლის ივნისის ბოლოსთვის გაფორმებული იყო 178 ხელშეკრულება თანხით - 18,868,932 ლარი, საიდანაც თანადაფინანსებამ 7,381,040 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე სოფლის განვითარების სტრატეგიების შემუშავება და რეალიზაცია წინგადადგმული ნაბიჯი იყო ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ამ პროცესში დიდია ევროკავშირის მხარდაჭერა, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წლის 17 ივნისს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-10 თავის- „სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“ - თანახმად ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება ევროკავშირის პოლიტიკის და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს, ასევე, ხელი შეუწყოს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა პოლიტიკის დაგეგმვა და შეფასება შეესაბამებოდეს ევროპულ ნორმებს [1].

საქართველოსა და ევროკავშირს შორის აღნიშნული ასოცირების შეთანხმებამ კიდევ უფრო გააძლიერა ევროკავშირის დახმარებით საქართველოს სოფლებში მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობა. ამ მხრივ აღსანიშნავია ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აღნიშნული ორგანიზაციის დახმარება ქვეყნის მთავრობისადმი პოლიტიკის შემუშავებასა და წარმატებული ევროპული პრაქტიკის დანერგვაში, რაც ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოებასთან, საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რათა მათ თვითონ იზრუნონ საკუთარი სოფლის განვითარებისთვის. ამ თვალსაზრისით, სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის განხორციელების პროცესში, ევროკავშირის პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში, ქვეყნის 12 მუნიციპალიტეტში (თეთრიწყარო, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, ბორჯომი, ახალქალაქი, ყაზბეგი, წალკა, ახმეტა, ქედა, ხულო, წყალტუბო და მესტია) ჩამოყალიბდა „LEADER“ პრინციპზე დამყარებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), რომლებმაც „ქვემოდან-ზევით“ პრინციპის მიხედვით დაიწყეს საქმიანობა და განახორციელეს პროექტები, რომლებიც ეხებოდა სოფლის როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ და გარემოსდაცვით პრობლემებს. ზემოთ აღნიშნულის ანალოგიურად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიქმნა აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებები (ამაგები), რომლებიც მართვისა და განვითარების დემოკრატიულ პრინციპს ემყარება. მათი საშუალებით ხდება სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავება და მათ განსახორციელებლად ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ევროკავშირის დაფინანსებით გასცემენ გრანტებს. გარდა ამისა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ინიციატივით იმართება სოფლის საერთო კრებები, სადაც მოქალაქეები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ და შეიმუშავებენ წინადადებებს კონკრეტული სოფლის საჭიროებების შესახებ, რომლებიც შემდგომ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან [2].

მთლიანობაში, ევროკავშირის მხარდაჭერით დღემდე, აღნიშნული ჯგუფების მიერ დაფინანსდა სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა, რომელიც შეეხო სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებას და გარემოს დაცვას. აღნიშნული ღონისძიებების რეალიზაციამ ხელი შეუწყო სოფლად მცხოვრები 1000 ოჯახის დასაქმებას და 10000-ზე მეტი ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

აღნიშნული ჯგუფების საქმიანობამ მნიშვნელოვნად შეცვალა სოფლის მოსახლეობის ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. ისინი უფრო აქტიურები და ოპტიმისტები გახდნენ, რამდენადაც მიხვდნენ, რომ შესაძლებელია მათი სურვილები და ოცნებები მშობლიური სოფლის განვითარებისთვის რეალობად იქცეს.

ვნახოთ როგორია ქვეყნის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ განხორციელებული საქმიანობა:

თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა არსებობის 3 წლის განმავლობაში 80-ზე მეტი ადგილობრივი განვითარების ინიციატივა დააფინანსა. აქ ყველაფერი პრობლემის დასმით და სტრატეგიის შემუშავებით იწყება, შემდეგ სამივე სექტორის წარმომადგენლების მიერ ხდება პრობლემის გადაჭრა. განვითარების ჯგუფის (LAG)-მიერ განხორციელებული იმ ინიციატივებიდან, რომლებიც დაფინანსდა აღსანიშნავია საოჯახო სასტუმროების კეთილმოწყობა  და მშენებლობა ევროსტანდარტების დონეზე, ასევე განვითარების ჯგუფის მიერ დაფინანსებული და შესყიდული აგროტექნიკით დამუშავდა 500-ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული. აღნიშნული განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ასოციაცია - „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“.

დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მუშაობის 3 წლის განმავლობაში მოახდინა 111 ინიციატივის დაფინანსება და შექმნა ასეულობით სამუშაო ადგილი. ისინი ევროპული LAG-ის მუშაობის გასაცნობად ორჯერ იყვნენ სასწავლო ვიზიტით რუმინეთსა და ესპანეთში, რათა ადგილზე გაცნობოდნენ მათი საქმიანობის მეთოდებს. დედოფლისწყაროს LAG-ში თითქმის ყველა სოფლის წარმომადგენელია გაერთიანებული. მათმა საქმიანობამ სოფლის მოსახლეობა უფრო აქტიური გახადა, რომ წერონ პროექტები, კვლავ მიიღონ დაფინანსება და დაიწყონ ბიზნეს საქმიანობა. აღნიშნული ჯგუფის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში გააფართოვეს სასტუმროების ქსელი, სასწავლო-საგანმანათლებო, საინფორმაციო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები. Covid-19-თან დაკავშირებით ჯანდაცვის, კომუნალური მომსახურების ცენტრს და სამაშველო ორგანიზაციებს შეუძინეს სპეც-ტექნიკა და ავტომანქანა, ხოლო სამშენებლო და აგრარულ სექტორს საჭირო ტექნიკა, განაახლეს ღვინის მარნები და ლაბორატორიები და სხვა. ადგილობრივ ბაზარზე უკვე გამოჩნდა ამ ჯგუფის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილე ადამიანების მიერ წარმოებული რძის პროდუქტები, ჩირი „ჩაროზი“, კაკალი, სხვადასხვა სახის ბოსტნეული, დეკორატიული ყვავილები, ხოხბის, კაკბის და ქათმის წიწილები, ტიხრული მინანქრით შესრულებული ვერცხლის სამკაულები და სხვა. აღნიშნული განვითარების ჯგუფი შეიქმნა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)“, რომელსაც ახორციელებს HEKS-EPFR საქართველო.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაღალმთიანი ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბებულმა ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა და აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივმა გაერთიანებებმა (ამაგები) მრავალი სასარგებლო საქმე გააკეთეს. ქედის მუნიციპალიტეტში LAG-ის ხელშეწყობით დაფინანსდა 90-ზე მეტი ადგილობრივი ინიციატივა, რის შედეგად განხორციელდა ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა, ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, რამაც შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები. ქედის მუნიციპალიტეტში LAG-ის სასარგებლო საქმიანობის ერთ-ერთი მაგალითია ბეტონის ბოძების დამზადებისა და ვენახის გაშენება-განახლების მომსახურება, რომელსაც განვითარების ჯგუფის წევრი ავთანდილ ცინცაძე ხელმძღვანელობს. განვითარების ჯგუფის საქმიანობის შედეგად მუნიციპალიტეტში გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, რამაც ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას შეუწყო ხელი. ჩამოყალიბდა სტრატეგიული ხედვა და გამოიკვეთა სამოქმედო არეალი. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესრურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისთვის“, რომელსაც ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული LAG-ის საქმიანობაში ჩართულია 30-ზე მეტი აქტიური მოქალაქე, როგორც სამოქალაქო, ისე კერძო სექტორიდან, რომელთა ხელშეწყობით 73 პროექტი დაფინანსდა, რომელთაგან ერთ-ერთია ორი სამკერვალო საამქროს პროექტი, სადაც 15 ქალია დასაქმებული. აღნიშნულმა განვითარების ჯგუფმა ასევე დააფინანსა სტომატოლოგიური სახელოსნო, რომელიც დაბალ ფასებში ემსახურება მუნიციპალიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკებს, რითიც გარკვეული ზომით უმსუბუქებს მოსახლეობას მომსახურების საფასურს. ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა“, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი [3].

ზემოთ აღნიშნულ დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც ჩამოყალიბებულმა ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა მრავალი ადგილობრივი ინიციატივა დააფინანსეს, რომელთა რეალიცაზიამ დადებითი გავლენა მოახდინა როგორც მუნიციპალიტეტის სოფლების, ისე იქ მცხოვრები ადამიანების პირად ცხოვრებაზე.

როგორც ვხედავთ, საქართველოს მთავრობა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებდა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით, რაც სახელმწიფოს მხრიდან მსხვილ ინვესტირებაში, გრანტებისა და სხვადასხვა სახის დახმარებებში გამოიხატა. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს სოფლის ტიპის დასახლებებში გარკვეული დადებითი ძვრები თითქმის არ შეიმჩნევა და იქ მცხოვრები ადამიანები ძირითადად გაჭირვებაში და სიღარიბეში ცხოვრობს.

საქართველოს სოფლებში მცხოვრები ადამიანები მრავალი პრობლემის წინაშე დგანან. ესენია: გზები, სასმელი წყალი, გაზიფიცირება, უმუშევრობა, ინფრასტრუქტურა, აგრარულ სფეროში ცოდნის ნაკლებობა და განათლების დაბალი დონე. ყველაფერი აღნიშნულიდან გამომდინარე - სიღარიბე და მიგრაციის მაღალი დონე. ამას ემატება სოციალური პრობლემები, ახალგაზრდებისთვის სოფლად გასართობი ადგილების ნაკლებობა ან არარსებობა, ფასების მაღალი დონე და სხვა. სოფელში მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 40% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული (განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 5-7%-ის ტოლია). სოფლებში მცხოვრები ადამიანებიდან 700 ათასი თვითდასაქმებულად ითვლება, რადგან მათ პირად მეურნეობაში მცირე მიწის ნაკვეთზე მოჰყავთ ბოსტნეული და ბაღჩეული, უვლიან რამდენიმე ფრთა ფრინველს და ზრდიან ორ შინაურ ცხოველს. აღნიშნულის ფონზე შეიძლება დავსვათ კითხვა - რეალური იქნება, რომ სოფელში ცხოვრობდე, მაგრამ სოფლის მეურნეობაში მიწაზე არ მუშაობდე? ეს სავსებით შესაძლებელია, თუ თვალს მივადევნებთ განვითარებული ქვეყნების სოფლად არსებულ მდგომარეობას, სადაც სოფლად მცხოვრები ადამიანები შეძლებულები და მატერიალურად უზრუნველყოფილები არიან, ხოლო სოფლები - მოვლილი და ლამაზია.

ამჟამად საქართველოს სოფლებში აგრარული სფეროს გარდა მოსახლეობის დასაქმების სხვა საშუალება არ არსებობს, არადა აუცილებელია სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ალტერნატიული დასაქმების საშუალება ჰქონდეს. ეს რომ განვახორციელოთ, სახელმწიფო დონეზე ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, რაც სხვა დარგების (მრეწველობა, მომსახურების სფერო, ზოგადად ინფრასტუქტურა) უფრო სწრაფად განვითარებაში უნდა გამოიხატოს. ამასთან, ყველაფერი დამოკიდებულია იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ქვეყნის მთავრობა განახორციელებს. მომავალში აგრარულ სფეროში დასაქმებული მოსახლეობა უნდა შემცირდეს, რაც სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის ძირითად გზას წარმოადგენს.

აგრარული წარმოების ალტერნატიული საქმიანობა სოფლად შეიძლება იყოს მომსახურების სერვისი. ბევრ სოფელში არ არის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაკეთებელი სახელოსნო, ზოგიერთ სოფელში მაღაზია და სკოლაც კი არ არის, არ ჰყავთ ექიმი და არ ფუნქციონირებს მედპუნქტი.

არსებულ მდგომარეობას ჩემი სოფლის მაგალითზე მოგახსენებთ. ზესტაფონის რაიონის სოფელი შროშა, სადაც სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლის არდადეგებს ვატარებდი. ეს სოფელი დედაჩემის სოფელია. სოფელში ფუნქციონირებს საშუალო სკოლა, სადაც გასული საუკუნის 20-30-იან წლებში დედა და მამა სწავლობდა. ე.ი. სოფელში სკოლა თითქმის საუკუნეა მუშაობს. წლების მანძილზე სკოლასთან მუშაობდა ინტერნატი, მაღალმთიანი სოფლების მოსწავლეებისთვის, სოფელში საქმიანობდა მედპუნქტი, სოფლის საბჭო, ფოსტის განყოფილება, ბიბლითეკა, კლუბი, საბავშვო ბაღი, სოფელში მუშაობდა მაღარო, საიდანაც ამოღებული სილით მარაგდებოდა ძირულის ცეცხლგამძლე აგურის ქარხანა. შროშის წითელი მარმარილო ცნობილი იყო, რომლის დამუშავება წარმოებდა. სოფელში საქმიანობდა სარწყავი წყლის სადგური. ყველა ამ დაწესებულებაში დასაქმებული იყო სოფლის მოსახლეობა. ამჟამად სოფელში აღარ მუშაობს: ინტერნატი, სოფლის საბჭოში 1 მოსამსახურეა, ბიბლიოთეკა, კლუბი, მაღარო, სარწყავი წყლის სადგური და აღარ ამუშავებენ მარმარილოს. შესაბამისად აღნიშნულ სამსახურებში მომუშავე ადამიანებმა დატოვეს სოფელი და უკეთესი ცხოვრების საძიებლად ზესტაფონს, ქუთაისს და ზოგმა თბილისს მიაშურა. დაცარიელდა სოფელი შველიძეების, თაბაგრების და გაჩიჩილაძეების უბნებში სულ ალბათ 25 ოჯახი თუ ცხოვრობს, ესენიც ხანშიშესული ადამიანები არიან. ახლო პერიოდში მთაგორიან სოფლებში დაწყებითი სკოლები გააუქმეს. ამ ადგილებში ახალგაზრდა ოჯახებს ცხოვრება ისედაც უჭირდათ, მაგრამ ცხოვრობდნენ, ხოლო დაწყებითი სკოლის გაუქმებამ ხელი შეუწყო მათ გადასახლებას რაიონულ ცენტრში ან დიდ ქალაქებში, სადაც ბავშვებს სწავლის და ცხოვრების უკეთესი პრიობები ექნებათ. უმუშევრობისა და სიღარიბის შესარბილებლად მოსახლეობა, ძირითადად ქალები, საზღვარგვარეთ მიდიან სამუშაოდ. ასე ცარიელდება სოფლების უმეტესი რაოდენობა საქართველოში.

მოტანილი მასალის ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავასკვნათ: საქართველოს მოსახლეობა 2018 წლის მდგომარეობით 3,729,6 ათასი ადამიანი იყო და მთელი მოსახლეობის 41,7% ანუ 1,554,8 ათასი ადამიანი სოფელში ცხოვრობს. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის სამუშაო ძალის 38,9% სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში იყო დასაქმებული. ბოლო 6 წლის მანძილზე სოფლის მოსახლეობა 2,8%-ით შემცირდა, ხოლო 2,6%-ით გაიზარდა ქალაქის მოსახლეობა. ე.ი ქალაქ-სოფლის ურბანული მიგრაცია მიმდინარეობს და მსოფლიო ურბანიზაციის პერსპექტივების პროგნოზით 2050 წელს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წილი 2018 წელს არსებული 41,7%-დან 27%-მდე შემცირდება. სოფლად მოსახლეობის ცხოვრების დონე დაბალია. შეინიშნება უმუშევრობის და სიღარიბის მაღალი დონე, სოფლის მოსახლეობის დაბერების მაღალი მაჩვენებელი და კვალიფიციური სპეციალისტების (აგრონომი, მექანიზატორი) ნაკლებობა. მიუხედავად სამთავრებო ღონისძიებებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და სააგენტოების ერთობლივი ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია სოფლის განვითარების მიმართულებით, საქართველოს სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს მრავალი პრობლემა აწუხებს, ესენია: არაკეთილმოწყობილი გზები, სასმელი წყლით დაბალი უზრუნველყოფა, სოფლების გაზიფიცირება, უმუშევრობა, სიღარიბე, ინფრასტრუქტურის ობიექტის სიმცირე ან სრულიად არ არსებობა, მიგრაციის მაღალი დონე, სოფლად ბიზნესისთვის ფიფნანსურ რესურსებზე და პროფესიულ განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა. სოფლად მცხოვრები ადამიანები რომ დარჩნენ სოფელში და ქვეყანაში არ იყოს ბევრი ნასოფლარი, აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება, რაც ერთ ან ორ წელიწადში ვერ მოხერხდება. მთავრობის დონეზე უნდა შემუშავდეს სოფლის განვითარების სტრატეგია, და მისი რეალიზაციის გეგმა, რის შემდეგაც ყველა ძალისხმევით უნდა ეტაპობრივად დაიწყოს სოფლის განვითარების გეგმის განხორციელება. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ასოცირების შეთანხმება, მუხლი 333

2. www.mepa.gov.ge

3. ჩემი სოფელი – EU for Georgia eu4georgia.ge › ჩემისოფელი

4. eugeorgia.info>article>evrokavshi…

5. რატომ ვერ ვითარდება სოფლის ... forbes.ge › news › ratom-ver-viTard...

6. rosbalt.>russia/2019/09/24/1805147.html.